Thursday, January 12, 2017

”ყველაფერშიკი” ქართველები


ჩვენი ერი უმეტესი ნაწილი მრავალმხრივად ”განათლებულია”, ნებისმიერ სფეროში შეუძლია საკუთარი აზრის გამოხატვა, მაგალითად იურისტი შეიძლება ექიმს შეედავოს, ან ჯარისკაცი ეკონომისტს და ა.შ. ბევრისგან გაგვიგონია, რომ საზღვარგარეთ წასულ ქართველს გაუკვირვებია იქაურები თავისი ზოგადი განათლებით. ზოგადი განათლება, რა თქმა უნდა აუცილებელია, უბრალოდ სამწუხარო ფაქტი ისაა, რომ ჩვენს შემთხვევაში მხოლოდ ზოგადი განათლება რჩება, ერის ზარმაცი ბუნება სიღრმიუსელად აღარ უდგება საკითხს. რა თქმა ერის ზარმაც ბუნებაზე ბევრი მომდავებელი გამოჩნდება, მაგრამ ეს ჯიუტი ფაქტია, ერი გაზარმაცებულია და მარტივად მიღწევის ავადმყოფური სინდრომით არის შეპყრობილი. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ გამონაკლისები არიან ის ხალხი რომელიც მართლა შრომობენ და საკუთარი შრომით აღწევენ მიზანს. დავუბრუნდები საწყის თემას რა გამოიწვია ქართველების ”ყველაფერშიკობა” ? ამ კითხვას ორი პასუხი აქვს, პირველი ის, რომ ფაქტიურად არცერთ სფეროში მომხმარებელს არ შეუძლია კვალიფიციური მომსახურების მიღება. მედიცინაში მაგალითად, ექიმის დანიშნულ წამალის შემადგენლობას და ფუნქციებს თუ დამატებით არ გადაამოწმებ მიღების გეშინია, ეს მხოლოდ სამედიცინო სფეროს მაგალითია, რადგან ეს თემა ყველაზე სენსიტიურია, თორემ იგივე ხდება ყველა სფეროში, თუ არ გადაამოწმე რამდენიმე ადგილას, რამდენიმე ადამიანთან მხოლოდ ერთის სიტყვას ვერ ენდობი. ხოლო თუ  რატომ ვერ ენდობი ამაზე ზემოთ ვილაპარაკე, ერის სიზარმაცეზე. აქედან გამომდინარე გინდა არ გინდა ადამიანი ყველა სფეროს ეცნობი, ყველა სფეროში ცოტცოტას სწავლობ. საერთო ჯამში ვიღებთ მარტივად რომ ვთქვა დომხალს. რამ გამოიწვია ასეთი მიდგომების ჩამოყალიბება? პასუხს ჩვენს საბჭოთა ისტორიაში ვიპოვით, როდესაც კორუფციის უმაღლესი ფორმის პირობებში, ყველაფერი მარტივად მიიღწეოდა. მაგალითად აბიტურიენტი ზედმეტი მეცადიონების გარეშე, გარკვეული თანხის გადახდის შედეგად მარტივად ხდებოდა სტუდენტი, შემდეგ სწავლის შემდეგ მარტივად იღებდა დიპლომს და ხდებოდა რომელიმე სფეროს სპეციალისტი. ეს ძალიან მოკლედ, მაგრამ ფსიქოლოგიურად გამოიწვია ერის გაზარმაცება, შრომის გარეშე მიზნის მიღწევის ფენომენი. რომლის დავიწყებას და გამოსწორებას დიდი დრო და სწორი განვითარება სჭირდება. სწორი განვითარება კი მხოლოდ განათლებაშია....

Monday, January 9, 2017

საქართველო ნარჩენების ქვეყანა?!

ცოტა არ იყოს და ამ თემაზე საუბარი მიჭირს, არადა მარტივად ვიტყვი და ყველგან ნაგავს ვყრით. თითქოს გასაკვირია ამხელა კულტურის მქონე ერს ასეთი პრობლემა რომ ჰქონდეს, მაგრამ ფაქტი სახეზეა და ძალიან ჯიუტი. ალბათ განვითარების ეტაპი, როდესაც ეგ კულტურა უნდა გამოგვემუშავებინა გამოვტოვეთ ერმა. არადა ჩვენი ქვეყნის სილამაზით ყველა ვამაყობთ, ტურისტულ ქვეყნის სტატუსს ვატარებთ და რა? ალბათ ყველა ტურისტული ობიექტი, ნაკრძალი თუ უბრალოდ საპიკნიკე ადგილი სავსეა ნარჩენებით, ნაგვით. ძნელია იპოვო ისეთი ადგილი სადაც პოლიეთილენის ბოთლს ან პარკს ვერ ნახავ. სამშობლოს სადღეგრძელოს ფეხზე წამომდგარი ვსვამთ, ალბათ "განსხვავებული" სასმისებითაც და როდესაც ელემენტარულ ქვეყნის მოვლაზე დგება საქმე ამ ნარჩენებს სხვის იმედად ვტოვებთ ლამაზ და შეუდარებელ ბუნებაში. აქვე ვიტყვი რომ შუშის ბოთლის ან შუშის უტილიზაცია ბუნებაში თავისთავად ვერ ხდება, ანუ ნებისმიერი შუშის ბოთლის ან ნამტვრევების ბუნებაში გადაყრით მას სამუდამოდ ვუცვლით იერსახეს. რაც შეეხება პოლიეთილენს, სამწუხაროდ დღევანდელ ყოფიერებაში მას ფართო გამოყენება აქვს, მის ბუნებრივ უტილიზაციას შესაძლოა 1000 წელიც კი დაჭირდეს. ჩვენ კი უამრავ მსგავს ნარჩენს ვტოვებთ ბუნებაში, პარკებს, ბოთლებს, ერთჯერად კონტეინერებს თუ ჭურჭელს. ასე რომ ჩვენს მოწონებულ, ნაქებ და ნადღეგრძელებ საქართველოს ელემენტარული დაუდევრობითა და სიზარმაცით ფაქტიურად დიდი ხნით ვუცვლით სახეს და ამა თუ იმ ადგილის სილამაზეს თუ სილაზათეს მარტივად ვსპობთ. თითქოსდა ხვალ აღარ გვინდა რომ ჩვენ ან თუნდაც ჩვენმა შვილებმაც მოიწონონ და მოილხინონ იმ ადგილებში. ფაქტი ჯიუტია, რომ შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ არსებობს, ამ ყველაფრის წამკითხველი იმასაც იტყვის ალბათ:" აბა რა ვუყოო ამდენ ნაგავს? " პასუხი ძალიან მარტივია წაიღო უახლოეს ურნამდე, არ აქვს მნიშვნელობა რამდენ მეტრში თუ კილომეტრში იქნება. მხოლოდ ასეთი საქციელით შეგვრჩება ის სილამაზე, რომელიც ძალიან გვიყვარს.
რადგან ამ თემას შევეხე,  ავტომანქანებიდან ნაგვის გადმოყრასაც შევეხები. ყველა ყველას გადმოგვიყრია, ან შევსწრებივართ, მანქანიდან ნაგავი, სიგარეტი და მისი ნარჩენები. ეს კიდევ ცალკე ფენომენია, ყველა ავტომანქანას აქვს ე.წ. საფერფლე, მაგრამ რატომღაც დანიშნულებისამებრ არ ვიყენებთ.

ამ მხრივ ძალიან დიდ პრობლემას ვაწყდებით რეგიონებში, სოფლებში უმეტეს შემთხვევაში შეიძლება ერთი ურნაც არ იდგეს, მოსახლეობას კი მხოლოდ ერთი გზა რჩება, რომ თავისივე შერჩეულ ადგილას დაყარონ ნაგავი, სადაც არანაირი სტანდარტი უტილიზაციის თუ ანტისანიტარიის არაა დაცული.
საბოლოო ჯამში დასკვნა ერთია, ჩვენ თითოეულ მოქალაქეს რაც შეგვიძლია ის გავაკეთოთ, როგორც შეგვიძლია ისე მოვუაროთ ჩვენს ქვეყანას, ხოლო ქუჩაში და ბუნებაში ნაგვის არ დაყრა კი ყველას შეგვიძლია.

Wednesday, January 4, 2017

ახალი წელი

ახალი წელი საქართველოში, დღესასწაული? ხალხისათვის თუ მარკეტერებისთვის? ამ კითხვაზე ჯერჯერობით პასუხი ვერ გავეცი. რა არის ახალი წელი ჩვენთვის? პირველ რიგში ეს უამრავი საკვების თავმოყრაა ოჯახებში. გაუთავებელი რიგები, ყველა ჩქარობს, ყველა მოსწრებაზეა, რომ ერთი ჩვეულებრივი დღის, 1 იანვრის დადგომამდე მოამზადოს ორი ან შეიძლება სამ ციფრიანი დასახელების კერძი. რატომ გვეჩქარება? ან რა გვაიძულებს? რომ გაუთავებელ რიგებში დავგდეთ, გავათენოთ ბოლო ორი ან სამი ღამე მზადებაში. სინამდვილეში რა არის ”ახალი წელი”, ახალი კალენდარული წლის დაწყება, რომელიც როგორც ქრისტიანმა და მართმადიდებელმა ხალხმა საკმარისია მხოლოდ უფლის სამადლობლით დავიწყოთ, როგორც უნდა ვიწყებდეთ სხვა ნებისმიერ ჩვეულებრივ დღეს. მეტი მოთხოვნა არ არსებობს, არც რელიგიის, არც ტრადიციებიდან, არც ერის ისტორიიდან გამომდინარე. ჩვენ კი რას ვაკეთებთ? დაუცხრომლად ვჭამთ, ვსვამთ, ერთმანეთს ვეჯიბრებით მენიუს გამრავალფეროვნებაში... ძალიან ხშირად იმ რაოდენობის საჭმელს ვამზადებთ, რომელსაც ვერც ჩვენი ოჯახი და ვერც მოსული სტუმრები ვერ შეჭამენ, შემდეგ ეს ყველაფერი ნაგავში გადასაყრელი ხდება. ნაკლებად თუ გვავხსოვს ის ხალხი, რომელიც ახალ წელს მიწისქვეშა გადასასვლელში, ან მეტროში თუ ხვდება... არ მავიწყდება ერთერთი დამწუხრებული ქალბატონი, რომელმაც საახალწლოდ გოჭის შეძენა ვერ მოასწრო, უაღრესად დამწუხრებული იყო, არვიცი, კარგია ვცდებოდე, მაგრამ ქვეყნის ნაწილის ოკუპაცია შეიძლება უფრო მეტად არ განეცადა. არვიცი ეს ძველი მებრძოლი ერი ასე ჭამა-სმას რატომ არის გადაყოლილი, იქნებ ”ვიღაცის” მარჯვენამ შეგნებულებად, კეთილი სიტყვებით, მეგობრობით, მეზობლობით წყნარად და მშვიდად დაგვავიწყა ჩვენი ძირითადი ფუნქცია სამშობლოს, ენის და სარწმუნოების მოვლა-პატრონობა და დაცვა, ამას კითხვის სახით დავტოვებ...
წელს ჩინური კალენდრით მამლის წელი მოვიდა, ძალიან კურიოზულია, მაგრამ უამრავი სუვენირი, როგორც ჩვენს ოჯახებში, ისე ქუჩაშიც უამრავია, მამლის გამოსახულება ინგლისური წარწერით, ”ბედნიერი შობა”. საოცრად არის ერთმანეთთან შერწყმული უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული და ჩინური კალენდარი, რომელსაც ერთმანეთთან მხოლოდ ჩინელი მარკეტოლოგი აკავშირებს. საბოლოოდ კი მხოლოდ ერთ რამეს დავამატებდი, ნამდვილი ახალი წელი მარკეტოლოგებს აქვთ, რომლებმაც უამრავი, სასარგებლო თუ უსარგებლო ნივთები, საკვები დიდი სიხარულით გვაყიდინეს. ყველას გილოცავთ 2017 წლის დადგომას. :)

Thursday, December 29, 2016

ქართული სუფრა

ეს ბლოგი მინდა მივუძღვნა საქართველოს, ქართველებს და ჩვენში ჩაბუდებულ მავნე ჩვევების გამოაშკარავებას. პირველი თემა რომელსაც შევეხები და რომელზეც დავწერ ქართული სუფრაა. სწორედაც ”ქართული სუფრით” ვიწყებთ და ვამთავრებთ ქართველები სიცოცხლეს. რა იყო ქართული სუფრა? რა წეს-ადათები არსებობდა და დღეს რა დაგვრჩა? ამაზე პასუხი უფრო ქვევით ან შემდეგ ბლოგშიც დაიწერება.


რამ გამოიწვია ქართული სუფრის ასეთი დეგრადაცია? რამ გამოიწვია უზომოდ სმა-ჭამა? ქართველს სმა-ჭამისათვის ისტორიულად არ ეცალა, გამონაკლისების გარდა. როდის დავიწყეთ ასე უზომოდ ღვინის სმა? როდის გახდნენ ქართველი წელწვრილა ვაჟკაცები, ”ღიპიანი ბიძები”? პასუხი არც ისე ძნელი საპოვნელია,  მაშინ როდესაც ქართველმა კაცმა დაკარგა საზრუნავი სამშობლოსი, ეკლესიის, აი მაშინ მხოლოდ გამოკვების საზრუნავი, რომ დარჩა საფიქრალი, მაშინ გაიზარდა ჩვენი ღიპები. მაშინ შეიქმნენ თამადები, ორატორები, რადგან გადაგვარებისგან ეხსნათ უფუნქციო ერი, წარსული დროის, ხალხის მოგონებით, მაშინ შეიქმნა ამდენი სადღეგრძელო, რადგან მხოლოდ სურვილებში და ოცნებებში შემორჩა სამშობლო, დედა ეკლესია, მეფე...
         სინამდვილეში კი რა იყო ”ქართული სუფრა”? რა წეს-ადათები და სადღეგრძელოები არსებობდა? ქართველი კაცი იმდენად მორწმუნე იყო, რომ ”სუფრა” მაქსიმალურად იყო მიახლოებულ წირვასთან, ისეთივე მოწიწებით, იქცეოდა სუფრასთან მჯდომი, როგორც წირვაზე. სადღეგრძელოები ბევრი არ იყო. იწყებოდა უფლის სადიდებლით და წირვის მსგავსად, როგორც ”ღირს არს” საგალობელს ვგალობთ დასრულებისას, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შეწევნის თხოვნით სრულდებოდა. როგორც წირვის დროს მღვდელი, ან მღვდელმთავარი გამობრძანდება ბარძიმით, მოიხსენიებს გარდაცვლილებს, შეჭირვებულებს,  ერის და მთავრობის ჯანმრთელობას შესთხოვს უფალს,  ისეთივე მოწიწებით და მორიდებით ითქმებოდა ყველა სადღეგრძელოც.
                   უამრავი გადაგვარების შემდეგ დღეს რა მივიღეთ? უზომოდ სმა, შეჯიბრი ღვინის სმაში, ათასგვარი უაზრო და შეუსაბამო სასმისი, სმა გაოგნებამდე, ხშირად ჩხუბიც. უამრავი, უაზრო ყალბი სადღეგრძელო, რომელშიც მხოლოდ სიტყვებშია სამშობლოს სიყვარული, მშობლის პატივისცემა და ”წარსულების” მოგონება, უცბად გაღიმებული სახეების ”დამწუხრება”. ”ორატორი” თამადები, რომლებიც ერთი და იგივე ტექსტით, უკეთეს შემთხვევაში ლექსით მეასედ და მეათასედ იმეორებენ გაზეპირებულ და გაზუთხულ სადღეგრძელოებს. სუფრაზე აუცილებლად მოიძებნება, ისეთი ადამიანი, რომელიც თამადის სადღეგრძელოს მოსმენას გავალდებულებს, უკვე მეასედ და შეიძლება მეათასედაც მოსმენილს.
      აუცილებელი კომპონენტია მეორე დღეს იმის განხილვა, ”არა ბევრი კი არ დაგვილევია...”, ”მაგას ბევრი არ დაულევია იპარავდა”, ”ნასვამი მოვედი, კიდე განსხვავებულები დავლიე..”,
         სასმისებს, რომ არ შევეხო არ შემიძლია, არ არსებობს ქართველი კაცი, რომლესაც ”განსხვავებული” სასმისი საჩუქრად რომ არ მიუღია, ან რომ არ ეჩუქებინოს ვინმესთვის. დღევანდელი ქართველი კაცის ვაჟკაცობა მხოლოდ იმაშიღა გამოიხატება, რაც უფრო მოცულობით სასმისის შესმა შეუძლია, ეს მხოლოდ გაუგონარი მარაზმია სხვა არაფერი... ქართველებმა იმდენად განვიცადეთ პროგრესი, რომ ათასგვარ ნივთს სასმისის ფუნქცია შევმატეთ, ვერაფერს ვიტყვი ფანტაზია ნამდვილად გვაქვს..

კიდევ ბევრი რამის თქმა შეიძლება, თუმცა უფრო ცუდი თუ მახსენდება, ეს ყველაფერი კი მხოლოდ გულისტკივილმა მათქმევინა. ნუ მოუსმენთ ყალბ თამადებს ერთი და იგივე ტექსტებით, თქვით ის სადღეგრძელო, რომელსაც გული გიკარნახებთ და რომლის გამკეთებელი მართლა ხართ. დიდი მადლობა ყველას ვინც ბოლომდე გული დაუდო და წაიკითხა ეს პოსტი. :)