Thursday, December 29, 2016

ქართული სუფრა

ეს ბლოგი მინდა მივუძღვნა საქართველოს, ქართველებს და ჩვენში ჩაბუდებულ მავნე ჩვევების გამოაშკარავებას. პირველი თემა რომელსაც შევეხები და რომელზეც დავწერ ქართული სუფრაა. სწორედაც ”ქართული სუფრით” ვიწყებთ და ვამთავრებთ ქართველები სიცოცხლეს. რა იყო ქართული სუფრა? რა წეს-ადათები არსებობდა და დღეს რა დაგვრჩა? ამაზე პასუხი უფრო ქვევით ან შემდეგ ბლოგშიც დაიწერება.


რამ გამოიწვია ქართული სუფრის ასეთი დეგრადაცია? რამ გამოიწვია უზომოდ სმა-ჭამა? ქართველს სმა-ჭამისათვის ისტორიულად არ ეცალა, გამონაკლისების გარდა. როდის დავიწყეთ ასე უზომოდ ღვინის სმა? როდის გახდნენ ქართველი წელწვრილა ვაჟკაცები, ”ღიპიანი ბიძები”? პასუხი არც ისე ძნელი საპოვნელია,  მაშინ როდესაც ქართველმა კაცმა დაკარგა საზრუნავი სამშობლოსი, ეკლესიის, აი მაშინ მხოლოდ გამოკვების საზრუნავი, რომ დარჩა საფიქრალი, მაშინ გაიზარდა ჩვენი ღიპები. მაშინ შეიქმნენ თამადები, ორატორები, რადგან გადაგვარებისგან ეხსნათ უფუნქციო ერი, წარსული დროის, ხალხის მოგონებით, მაშინ შეიქმნა ამდენი სადღეგრძელო, რადგან მხოლოდ სურვილებში და ოცნებებში შემორჩა სამშობლო, დედა ეკლესია, მეფე...
         სინამდვილეში კი რა იყო ”ქართული სუფრა”? რა წეს-ადათები და სადღეგრძელოები არსებობდა? ქართველი კაცი იმდენად მორწმუნე იყო, რომ ”სუფრა” მაქსიმალურად იყო მიახლოებულ წირვასთან, ისეთივე მოწიწებით, იქცეოდა სუფრასთან მჯდომი, როგორც წირვაზე. სადღეგრძელოები ბევრი არ იყო. იწყებოდა უფლის სადიდებლით და წირვის მსგავსად, როგორც ”ღირს არს” საგალობელს ვგალობთ დასრულებისას, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შეწევნის თხოვნით სრულდებოდა. როგორც წირვის დროს მღვდელი, ან მღვდელმთავარი გამობრძანდება ბარძიმით, მოიხსენიებს გარდაცვლილებს, შეჭირვებულებს,  ერის და მთავრობის ჯანმრთელობას შესთხოვს უფალს,  ისეთივე მოწიწებით და მორიდებით ითქმებოდა ყველა სადღეგრძელოც.
                   უამრავი გადაგვარების შემდეგ დღეს რა მივიღეთ? უზომოდ სმა, შეჯიბრი ღვინის სმაში, ათასგვარი უაზრო და შეუსაბამო სასმისი, სმა გაოგნებამდე, ხშირად ჩხუბიც. უამრავი, უაზრო ყალბი სადღეგრძელო, რომელშიც მხოლოდ სიტყვებშია სამშობლოს სიყვარული, მშობლის პატივისცემა და ”წარსულების” მოგონება, უცბად გაღიმებული სახეების ”დამწუხრება”. ”ორატორი” თამადები, რომლებიც ერთი და იგივე ტექსტით, უკეთეს შემთხვევაში ლექსით მეასედ და მეათასედ იმეორებენ გაზეპირებულ და გაზუთხულ სადღეგრძელოებს. სუფრაზე აუცილებლად მოიძებნება, ისეთი ადამიანი, რომელიც თამადის სადღეგრძელოს მოსმენას გავალდებულებს, უკვე მეასედ და შეიძლება მეათასედაც მოსმენილს.
      აუცილებელი კომპონენტია მეორე დღეს იმის განხილვა, ”არა ბევრი კი არ დაგვილევია...”, ”მაგას ბევრი არ დაულევია იპარავდა”, ”ნასვამი მოვედი, კიდე განსხვავებულები დავლიე..”,
         სასმისებს, რომ არ შევეხო არ შემიძლია, არ არსებობს ქართველი კაცი, რომლესაც ”განსხვავებული” სასმისი საჩუქრად რომ არ მიუღია, ან რომ არ ეჩუქებინოს ვინმესთვის. დღევანდელი ქართველი კაცის ვაჟკაცობა მხოლოდ იმაშიღა გამოიხატება, რაც უფრო მოცულობით სასმისის შესმა შეუძლია, ეს მხოლოდ გაუგონარი მარაზმია სხვა არაფერი... ქართველებმა იმდენად განვიცადეთ პროგრესი, რომ ათასგვარ ნივთს სასმისის ფუნქცია შევმატეთ, ვერაფერს ვიტყვი ფანტაზია ნამდვილად გვაქვს..

კიდევ ბევრი რამის თქმა შეიძლება, თუმცა უფრო ცუდი თუ მახსენდება, ეს ყველაფერი კი მხოლოდ გულისტკივილმა მათქმევინა. ნუ მოუსმენთ ყალბ თამადებს ერთი და იგივე ტექსტებით, თქვით ის სადღეგრძელო, რომელსაც გული გიკარნახებთ და რომლის გამკეთებელი მართლა ხართ. დიდი მადლობა ყველას ვინც ბოლომდე გული დაუდო და წაიკითხა ეს პოსტი. :)