Wednesday, January 4, 2017

ახალი წელი

ახალი წელი საქართველოში, დღესასწაული? ხალხისათვის თუ მარკეტერებისთვის? ამ კითხვაზე ჯერჯერობით პასუხი ვერ გავეცი. რა არის ახალი წელი ჩვენთვის? პირველ რიგში ეს უამრავი საკვების თავმოყრაა ოჯახებში. გაუთავებელი რიგები, ყველა ჩქარობს, ყველა მოსწრებაზეა, რომ ერთი ჩვეულებრივი დღის, 1 იანვრის დადგომამდე მოამზადოს ორი ან შეიძლება სამ ციფრიანი დასახელების კერძი. რატომ გვეჩქარება? ან რა გვაიძულებს? რომ გაუთავებელ რიგებში დავგდეთ, გავათენოთ ბოლო ორი ან სამი ღამე მზადებაში. სინამდვილეში რა არის ”ახალი წელი”, ახალი კალენდარული წლის დაწყება, რომელიც როგორც ქრისტიანმა და მართმადიდებელმა ხალხმა საკმარისია მხოლოდ უფლის სამადლობლით დავიწყოთ, როგორც უნდა ვიწყებდეთ სხვა ნებისმიერ ჩვეულებრივ დღეს. მეტი მოთხოვნა არ არსებობს, არც რელიგიის, არც ტრადიციებიდან, არც ერის ისტორიიდან გამომდინარე. ჩვენ კი რას ვაკეთებთ? დაუცხრომლად ვჭამთ, ვსვამთ, ერთმანეთს ვეჯიბრებით მენიუს გამრავალფეროვნებაში... ძალიან ხშირად იმ რაოდენობის საჭმელს ვამზადებთ, რომელსაც ვერც ჩვენი ოჯახი და ვერც მოსული სტუმრები ვერ შეჭამენ, შემდეგ ეს ყველაფერი ნაგავში გადასაყრელი ხდება. ნაკლებად თუ გვავხსოვს ის ხალხი, რომელიც ახალ წელს მიწისქვეშა გადასასვლელში, ან მეტროში თუ ხვდება... არ მავიწყდება ერთერთი დამწუხრებული ქალბატონი, რომელმაც საახალწლოდ გოჭის შეძენა ვერ მოასწრო, უაღრესად დამწუხრებული იყო, არვიცი, კარგია ვცდებოდე, მაგრამ ქვეყნის ნაწილის ოკუპაცია შეიძლება უფრო მეტად არ განეცადა. არვიცი ეს ძველი მებრძოლი ერი ასე ჭამა-სმას რატომ არის გადაყოლილი, იქნებ ”ვიღაცის” მარჯვენამ შეგნებულებად, კეთილი სიტყვებით, მეგობრობით, მეზობლობით წყნარად და მშვიდად დაგვავიწყა ჩვენი ძირითადი ფუნქცია სამშობლოს, ენის და სარწმუნოების მოვლა-პატრონობა და დაცვა, ამას კითხვის სახით დავტოვებ...
წელს ჩინური კალენდრით მამლის წელი მოვიდა, ძალიან კურიოზულია, მაგრამ უამრავი სუვენირი, როგორც ჩვენს ოჯახებში, ისე ქუჩაშიც უამრავია, მამლის გამოსახულება ინგლისური წარწერით, ”ბედნიერი შობა”. საოცრად არის ერთმანეთთან შერწყმული უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული და ჩინური კალენდარი, რომელსაც ერთმანეთთან მხოლოდ ჩინელი მარკეტოლოგი აკავშირებს. საბოლოოდ კი მხოლოდ ერთ რამეს დავამატებდი, ნამდვილი ახალი წელი მარკეტოლოგებს აქვთ, რომლებმაც უამრავი, სასარგებლო თუ უსარგებლო ნივთები, საკვები დიდი სიხარულით გვაყიდინეს. ყველას გილოცავთ 2017 წლის დადგომას. :)

No comments:

Post a Comment