Monday, January 9, 2017

საქართველო ნარჩენების ქვეყანა?!

ცოტა არ იყოს და ამ თემაზე საუბარი მიჭირს, არადა მარტივად ვიტყვი და ყველგან ნაგავს ვყრით. თითქოს გასაკვირია ამხელა კულტურის მქონე ერს ასეთი პრობლემა რომ ჰქონდეს, მაგრამ ფაქტი სახეზეა და ძალიან ჯიუტი. ალბათ განვითარების ეტაპი, როდესაც ეგ კულტურა უნდა გამოგვემუშავებინა გამოვტოვეთ ერმა. არადა ჩვენი ქვეყნის სილამაზით ყველა ვამაყობთ, ტურისტულ ქვეყნის სტატუსს ვატარებთ და რა? ალბათ ყველა ტურისტული ობიექტი, ნაკრძალი თუ უბრალოდ საპიკნიკე ადგილი სავსეა ნარჩენებით, ნაგვით. ძნელია იპოვო ისეთი ადგილი სადაც პოლიეთილენის ბოთლს ან პარკს ვერ ნახავ. სამშობლოს სადღეგრძელოს ფეხზე წამომდგარი ვსვამთ, ალბათ "განსხვავებული" სასმისებითაც და როდესაც ელემენტარულ ქვეყნის მოვლაზე დგება საქმე ამ ნარჩენებს სხვის იმედად ვტოვებთ ლამაზ და შეუდარებელ ბუნებაში. აქვე ვიტყვი რომ შუშის ბოთლის ან შუშის უტილიზაცია ბუნებაში თავისთავად ვერ ხდება, ანუ ნებისმიერი შუშის ბოთლის ან ნამტვრევების ბუნებაში გადაყრით მას სამუდამოდ ვუცვლით იერსახეს. რაც შეეხება პოლიეთილენს, სამწუხაროდ დღევანდელ ყოფიერებაში მას ფართო გამოყენება აქვს, მის ბუნებრივ უტილიზაციას შესაძლოა 1000 წელიც კი დაჭირდეს. ჩვენ კი უამრავ მსგავს ნარჩენს ვტოვებთ ბუნებაში, პარკებს, ბოთლებს, ერთჯერად კონტეინერებს თუ ჭურჭელს. ასე რომ ჩვენს მოწონებულ, ნაქებ და ნადღეგრძელებ საქართველოს ელემენტარული დაუდევრობითა და სიზარმაცით ფაქტიურად დიდი ხნით ვუცვლით სახეს და ამა თუ იმ ადგილის სილამაზეს თუ სილაზათეს მარტივად ვსპობთ. თითქოსდა ხვალ აღარ გვინდა რომ ჩვენ ან თუნდაც ჩვენმა შვილებმაც მოიწონონ და მოილხინონ იმ ადგილებში. ფაქტი ჯიუტია, რომ შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ არსებობს, ამ ყველაფრის წამკითხველი იმასაც იტყვის ალბათ:" აბა რა ვუყოო ამდენ ნაგავს? " პასუხი ძალიან მარტივია წაიღო უახლოეს ურნამდე, არ აქვს მნიშვნელობა რამდენ მეტრში თუ კილომეტრში იქნება. მხოლოდ ასეთი საქციელით შეგვრჩება ის სილამაზე, რომელიც ძალიან გვიყვარს.
რადგან ამ თემას შევეხე,  ავტომანქანებიდან ნაგვის გადმოყრასაც შევეხები. ყველა ყველას გადმოგვიყრია, ან შევსწრებივართ, მანქანიდან ნაგავი, სიგარეტი და მისი ნარჩენები. ეს კიდევ ცალკე ფენომენია, ყველა ავტომანქანას აქვს ე.წ. საფერფლე, მაგრამ რატომღაც დანიშნულებისამებრ არ ვიყენებთ.

ამ მხრივ ძალიან დიდ პრობლემას ვაწყდებით რეგიონებში, სოფლებში უმეტეს შემთხვევაში შეიძლება ერთი ურნაც არ იდგეს, მოსახლეობას კი მხოლოდ ერთი გზა რჩება, რომ თავისივე შერჩეულ ადგილას დაყარონ ნაგავი, სადაც არანაირი სტანდარტი უტილიზაციის თუ ანტისანიტარიის არაა დაცული.
საბოლოო ჯამში დასკვნა ერთია, ჩვენ თითოეულ მოქალაქეს რაც შეგვიძლია ის გავაკეთოთ, როგორც შეგვიძლია ისე მოვუაროთ ჩვენს ქვეყანას, ხოლო ქუჩაში და ბუნებაში ნაგვის არ დაყრა კი ყველას შეგვიძლია.

No comments:

Post a Comment